აშშ-ში სწავლა - აპლიკაციის ვადები

ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდების პერიოდი არ არსებობს საქართველოსგან განსხვავებით, აშშ-ს უნივერსიტეტებში აპლიკაციის გაგზავნა შეიძლება პრაქტიკულად ნებისმიერ დროს. აპლიკაციის გაგზავნის ვადებს ყველა უნივერსიტეტი ინდივიდუალურად ადგენს. სწავლა ჩვეულებრივ იწყება სექტემბრიდან, თუმცა, ზოგიერთ უნივერსიტეტში სწავლა შეიძლება დაიწყოს გაზაფხულიდან (თებერვლიდან), ასევე თქვენ შეგიძლიათ აიღოთ მხოლოდ საზაფხულო კურსები.

ყველაზე მეტად გავრცელებულია სწავლის დაწყება სექტემბრიდან. თუ თქვენც გსურთ, სწავლას სექტემბრიდან შეუდგეთ, საბუთების შეგროვებასა და დაგზავნაზე ზრუნვა ერთი წლით ადრე მაინც უნდა დაიწყოთ. სექტემბრის პირველი რიცხვებიდან უნივერსიტეტები აახლებენ სააპლიკაციო საიტებს, აპლიკაციის ფორმებს, ბროშურებს, კატალოგებს და იწყება სააპლიკაციო პროცესის ერთწლიანი მარათონი. წამყვანი უნივერსიტეტები ამას კიდევ უფრო ადრე - ზაფხულში აკეთებენ. ამიტომ, რაც უფრო ადრე ჩაებმებით ამ მარათონში, მით უფრო მაღალია თქვენი უმაღლესში მოხვედრის შანსი. უნივერსიტეტების უმეტესობა საბუთების მიღებას თებერვლის ბოლომდე აწარმოებს.

ვთქვათ პრინსტონი, ჰარვარდი, იელი და სხვა, საბუთების მიღებას უკვე დეკემბრის ბოლოს ასრულებენ. ამის გარდა, ამ უნივერსიტეტებს აქვთ ადრეული ჩარიცხვა (Early Decision Application), რაც მათ უფლებას აძლევთ ყველაზე ნიჭიერი სტუდენტებით შეავსონ ჩარიცხულთა პირველი ნაკადი. Early Decision აპლიკაციების მიღება მთავრდება ოქტომბრის ბოლოს.

არ არის აუცილებელი, რომ თქვენი აპლიკაციის პაკეტი ერთდროულად მოხვდეს უნივერსიტეტში. ჩვეულებრივად, სტანდარტული ტესტების ქულები, სარეკომენდაციო წერილები და სხვა დოკუმენტები უნივერსიტეტში დამოუკიდებლად იგზავნება. თქვენი, როგორც აპლიკანტის მოვალეობაა, ყველა აუცილებელი საბუთი უნივერსიტეტის მიმღებ ოფისში თითქმის ერთდროულად მოხვდეს. მიმღები ოფისის თანამშრომლები თქვენს ყველა საბუთს თავს მოუყრიან ერთ ფაილში და შეინახავენ ციფრულ ფორმატში. აპლიკაციის თარიღად ითვლება ინტერნეტზე სააპლიკაციო ფორმის შევსების ან მისი ფოსტით მიღების დღე.

ხშირად, დამატებითი ინფორმაციის მოძიების მიზნით, უნივერსიტეტები აპლიკანტებს უგზავნიან წერილებს . ყურადღება მიაქციეთ ამ წერილებს და სწრაფად გაეცით პასუხი. პასუხის დაგვიანება ნიშნავს, რომ თქვენ აღარ ხართ დაინტერესებული ამ უნივერსიტეტში მოხვედრით და თქვენი აპლიკაცია აღარ განიხილება.