აშშ-ში სწავლა - მადლობის წერილები

იყავით ბოლომდე თავაზიანები

მარტი-აპრილი-მაისი არის შეტყობინების პერიოდი, როდესაც უნივერსიტეტები იღებენ გადაწყვეტილებებს ჩარიცხვების შესახებ და აგზავნიან შეტყობინების წერილებს ყველა აპლიკანტთან - დადებითს ან უარყოფითს.
 

ამგვარად, მაისისთვის თქვენ უნდა მიიღოთ წერილები (ჩარიცხვის ან უარის) ყველა უნივერსიტეტისგან, რომელშიც გაიგზავნა თქვენი აპლიკაცია . წარმატებული აპლიკანტები ჩვეულებრივად იღებენ რამოდენიმე ჩარიცხვის წერილს.
 

თქვენ გევალებათ სწრაფად აირჩიოთ უნივერსიტეტი, რომელშიც გინდათ სწავლის გაგრძელება და გაუგზავნოთ თანხმობის წერილი მითითებულ ვადამდე. ეს თუ არ გააკეთეთ, მაშინ უნივერსიტეტი აუქმებს თქვენს აპლიკაციას.
 

ხშირად, ჩარიცხვის მერე დასაზუსტებელია დაფინანსების, საერთო საცხოვრებელის და სხვა დეტალები. თქვენ გექნებათ საშუალება ეს საკითხები დააზუსტოთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოთ თანხმობის წერილი.
 

ამერიკის უნივერსიტეტებში ურთიერთობის ეთიკას დიდი ყურადღება ექცევა და ამ ნორმებიდან გამომდინარე, თუ არ აპირებთ შემოთავაზების მიღებას, რაც შეიძლება მალე აცნობეთ უნივერსიტეტს ამის შესახებ.


აუცილებლად უნდა გააგზავნოთ ასევე მადლობის წერილები ყველა დანარჩენ უნივერსიტეტში, რომლისგანაც მიიღეთ ჩარიცხვის წერილი, მაგრამ არ აპირებთ მათი შემოთავაზების მიღებას. ეს თავაზიანობის ჟესტი, უნივერსიტეტებს აძლევს საშუალებას უკეთ გამოიყენონ თქვენთვის გამოყოფილი ადგილი და სხვა ღირსეული კანდიდატით შეავსონ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ეს თავაზიანობა დიდ სიხარულს მოუტანს რომელიმე თქვენნაირ აპლიკანტს. უარის წერილზე პასუხის გაცემა საჭირო არ არის.