ჩვენს შესახებ - ცენტრის გახსნა

2003 წლის 29 სექტემბერი,
თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი,
"კვალის" საგანმანათლებლო-საინფორმაციო ცენტრის გახსნა.
 

ძვირფასო მეგობრებო!

დღეს ჩემთვის ბედნიერი დღეა, ამ ცენტრის გახსნით საშუალება მომეცა, გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება, ჩემი სიყვარული და მონატრება სამშობლოსადმი.
 

საქართველოდან პირველად 21 წლის ასაკში გევემგზავრე სწავლის გასაგრძელებლად. მას შემდეგ ჩემთვის ყველაზე სათუთ ოცნებად იქცა მასთან სიახლოვე.
 

70-იან წლებში საკმაოდ არატიპიური იყო შემთხვევა ქვეყნის დატოვებისა. დრო შეიცვალა და დღეს მილიონზე მეტი ქართველია უცხოეთში გადახვეწილი. ხშირ შემთხვევაში, სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივა გეოგრაფიული, ადმინისტრაციული თუ მატერიალური მიზეზების გამო, ბევრისათვის საკმაოდ არარეალურია. რა თქმა უნდა, ჩემი მოსაზრება არ ვრცელდება ყველა მათგანზე, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ემიგრაციაში მყოფთა უმეტეს ნაწილს სამშობლოში დაბრუნება თუ არა, მისი ჭირ-ვარამის გაზიარება და მისდამი თანადგომა სასიამოვნო მოვალეობად მიაჩნია.

,,კვალის” ცენტრიც ოკეანის გაღმა მცხოვრებ თანამემამულეთა სამშობლოსთან კავშირის სიმბოლური, მაგრამ გულწრფელი დადასტურებაა. ამიტომაც მოვეკიდეთ ამ ცენტრის შექმნასა და კეთილმოწყობას ესოდენ დიდი გულმოდგინებით.
 

და აი, დღეს ვიმყოფებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, სადაც ისტორიულად ფიზიკოსებსა და ქიმიკოსებს ჰქონდათ ბინა. ბევრი ღვაწლმოსილი მეცნიერი მიხვდება, რამდენად ნიშანდობლივი და სიმბოლურია ეს ფაქტი: უმაღლეს სასწავლებლებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის პირველი პროექტი ხომ სწორედ ფიზიკის ფაკულტეტსა და ამერიკის ლოუელის უნივერსისტეტს შორის განხორციელდა. ეს იყო ზუსტად 25 წლის წინ, საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის საკმაოდ რთული დაპირისპირების პერიოდში.
 

დრო გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ-სთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო ურთიერთობა აღარავის აკვირვებს, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ურთიერთობების განვითარების ფონზე ქართველ ფიზიკოსებს ლიდერობა არ დაუთმიათ. ამერიკაში მოღვაწე ყველაზე უფრო წარმატებულ ქართველთა უმეტესობა სწორედ ფიზიკის ფაკულტეტის აღზრდილია. ამიტომ განსაკუთრებით გულსატკენია, როცა გვესმის ხოლმე ფრაზა: საქართველოს არ სჭირდება ფიზიკა და სხვა ფუნდამენტალური მეცნიერებანი. ეს ჩვენი ძველი სტერეოტიპების შედეგია, რომელთა შეცვლა და გადახალისებაა საჭირო. საქართველოსთვის ახალი ხედვის ჩამოყალიბება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რომლის გადაწყვეტა ალბათ მხოლოდ უცხოეთში მოღვაწე ქართველების აქტიური ჩარევით შეიძლება.
 

მინდა მოკლედ გიამბოთ, თუ როგორ გაჩნდა იდეა ამ ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ: 1998 წელს რათგერსის პროფესორ ჯიმ ელიოტთან და მის მეუღლესთან, ჯუდისთან საუბრისას გამოიკვეთა სასწავლო ფონდის ჩამოყალიბების პერსპექტივა. სანავთობო კომპანიის – ექსონის მხარდაჭერით შეიქმნა კიდეც ასეთი ფონდი რათგერსის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზე და 2000 წელს ამ ფონდის წყალობით სწავლას შეუდგა პირველი ქართველი სტუდენტი. ვიცოდით რა ამერიკის განათლების სისტემაში არსებული პოტენციალის შესახებ, პარალელურად ვმუშაობდით სხვა ალტერნატივებზეც და მეორე წელს ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლას შეუდგა ჩვენს მიერ შერჩეული ოთხი სტუდენტი. ამჟამად "კვალი"-ს პროგრამით 25-ზე მეტი სტუდენტი აგრძელებს სწავლას ამერიკის ისეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, როგორიცაა რათგერსის, ნიუ-იორკის, კოლუმბიის, სტონი ბრუკის, აიდაჰოს, ფლორიდის და სხვა უნივერსიტეტები. ძირითადად ესენი არიან ტექნიკური დისციპლინების ასპირანტები, რომლებიც მუშაობენ სადოქტორო დისერტაციებზე.
 

2002 წელს მოგვეცა საშუალება ამერიკის მთავრობის უშუალო ხელშეწყობით და თანამშრომლობით გაგვეფართოვებინა "კვალი"-ს საგანმანათლებლო პროექტი და ჩაგვერთო ყველა სპეციალობა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დონეზე. ამ თანამშრომლობის შედეგად, ამერიკის მთავრობის უშუალო დახმარებით, შეიქმნა ეს ცენტრი.
 

მაგრამ "კვალი"-ს ცენტრის ფუნქცია ამერიკაში ქართველი სტუდენტების გაგზავნით არ შემოიფარგლება. ეს თანამედროვე ცენტრი არის ნაწილი იმ პროგრამისა, რომელსაც ახლა ასოციაცია "კვალი" ახორციელებს და რომლის მთავარი მიზანია უცხოეთში მოღვაწე ქართველების დაკავშირება საქართველოსთან, მათი ჩართვით თანამშრომლობის პროექტებში. ცენტრის ფუნქციაა შექმნას ინფრასტრუქტურა, რომელიც უცხოეთში მყოფ მეცნიერებს ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის საშუალებას მიცემს. აგრეთვე ზოგიერთ მათგანს შეუქმნის პირობებს, რომ სამშობლოში სამუდამოდ დაბრუნდეს, თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი აქვს.
 

საქართველოშიც ხშირად ამბობენ: "როგორ დაბრუნდებიან, თუ პირობები არ შევუქმენითო." ანალოგიურ ფრაზას უცხოეთშიც ხშირად გაიგონებთ იქ მოღვაწე ქართველებისაგან. მაგრამ არის ნაწილი ქართველებისა, რომელთაც კარგად გაითავისეს ამერიკული მიდგომა და პირობების შექმნასაც საკუთარ ვალდებულებად თვლიან. ამერიკული წესი ასეთია: პირობებს მთავრობა არ გიქმნის, მთავრობა განსაზღვრავს ჩარჩოებს, რომელშიც ხალხი ერთმანეთს უქმნის სამუშაო პირობებს. ამერიკელთა მუშა პრინციპია – ჩვენი სამუშაო გარემო არის არა სახელმწიფო, არამედ კოლეგა, მომსახურე პერსონალი, ვისთან ერთადაც მე ვმუშაობ, ან ვისი მომსახურებითაც მე ვსარგებლობ. ეს პრინციპი საზოგადოების წევრებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ბადებს თანამშრომლობით დამოკიდებულებას და არა მოთხოვნებისა და ბრალდებების დაუსრულებელ ციკლს.
 

სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ასეთი თანამშრომლობის შედეგია ეს ცენტრი. ბევრმა ჩემმა კოლეგამ (მეტწილად ახალგაზრდამ) საკუთარ თავზე აიღო ამ ცენტრის შექმნის პასუხისმგებლობა, როგორც გაწეული შრომითა და ფიქრით, ასევე მატერიალურად. მათი წვლილი ამ ცენტრის შექმნაში, თუ არ აღემატება, არც ჩამოუვარდება სახელმწიფო სტრუქტურების წვლილს.
 

გია ფერაძე, გია ხარძეიშვილი, ივანე ვაშაკიძე, ნიკა სამბელაშვილი, ირაკლი ოდიშარია, ზურაბ კაკუშაძე, გია დვალი, ვახტანგ მაქარაშვილი, გიორგი ხარაშვილი, ლევან ტყავაძე, ჯონი ჯოჯიშვილი, და ბევრი სხვა არის და იქნება ამ პროექტის აქტიური მონაწილე და სულისჩამდგმელი.
 

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატს, განსაკუთრებით ბატონ როინ მეტრეველს და ანზორ ხელაშვილს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
 

დიდი მადლობა ფიზიკისა და ქიმიის ფაკულტეტების თანამშრომლებს მხარში დგომისათვის.
 

მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ამ ახალი ცენტრის არქიტექტურულ - ფუნქციონალურ გადაწყვეტასა და შესრულების ხარისხზე. ბევრი, ვინც თვალს ადევნებდა ცენტრის მშენებლობის ინტენსიურ პერიოდს, აღფრთოვანებით აღნიშნავდა მშენებლების თავდადებულ შრომას. დიდი მადლობა მათ ამისათვის.
 

და, რა თქმა უნდა, კვალის თანამშრომლების სახელით, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას და მისი სახით ამერიკის ელჩს, რიჩარდ მაილსს, შერონ ჰუდსონ დიინს, როვენა კროს-ნაჯაფის, ვენდი კენედის, მაგდა მაღრაძეს და სხვებს თანამშრომლობისა და თანადგომისთვის.
 

დიდი მადლობა "კვალი"-ს ჯგუფს, რომელმაც შექმნა თანამშრომლობის მეგობრული გარემო. მათთან თანამშრომლობა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა.

დიდი მადლობა ყველას აქ მობრძანებისთვის.
 

შოთა ვაშაკიძე